საგრანტო პროგრამა

  • ვინ დაფინანსდება?

- აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირ(ებ)ი.

- საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე თუ საგრანტო პროექტი განხორციელდება საქართველოს მოქალაქისა და აფხაზეთში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ ერთობლივად, გამყოფი ხაზების (აფხაზეთი/სამხრეთ ოსეთი) ორივე მხარეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად და არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

  • რა სფეროები ფინანსდება?

- სოფლის მეურნეობის სექტორი (მაგ.: ფერმერული საქმიანობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მებაღეობა, თევზრეწვა, მეფუტკრეობა);

- სამრეწველო სექტორი (მაგ. გადამუშავება და წარმოება).

დაფინანსდება როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება, ასევე ახალი ეკონომიკური აქტივობები.

 

  • საგრანტო პროექტები, რომლებიც არ ფინანსდება

ფონდის საგრანტო პროგრამით არ დაფინანსდება  პროექტები, რომლებიც უკავშირდება მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ საქმიანობას (მაგ.: სასტუმრო და სარესტორნო საქმიანობა, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები, სავაჭრო ობიექტები, ავტო მომსახურება/სამრეცხაოები, განათლება და მეცნიერება, მედიცინა, საფინანსო მომსახურება, ტრანსპორტი, მედია, რეკლამა, ციფრული მომსახურება, ღონისძიებები, ლოგისტიკა, კვლევა, სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები, პროფესიული სერვისები, პოლიტიკური, საქველმოქმედო და რელიგიური საქმიანობა).

საგრანტო პროგრამით ასევე არ ფინანსდება: სახიფათო ნივთიერებების წარმოება; აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ისეთი საქონლის შემოტანას/შეძენას, რომელიც არ არის აფხაზეთში ან/და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული ან წარმოშობილი; აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში აქციზური საქონლის (გარდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული თამბაქოს ნაწარმის და ალკოჰოლიანი სასმელების) წარმოებას.

 

  • საგრანტო პროექტების დაფინანსების გეოგრაფიული არეალი

საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საგრანტო პროექტები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურ საქმიანობას და განხორციელდება:

- აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.

- საქართველოს სხვა რეგიონში თუ წარმოადგენს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირის ბიზნესპროექტს იმ პირობით, რომ ეს პროექტი პირდაპირ და სრულ ეკონომიკურ კავშირს უზრუნველყოფს აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან.

 

  • საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობა

- საგრანტო პროგრამის ფარგლებში ფონდის დაფინანსება ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია: არანაკლებ 5,000 და არაუმეტეს 15,000 ლარით, ხოლო ბენეფიციართა ჯგუფზე ფონდის დაფინანსება განსაზღვრულია: არანაკლებ 15,000 და არაუმეტეს 50,000 ლარით.

 

  • საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსების ფორმა

- საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძირითადი საშუალებების შესყიდვა და ასევე საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი ნედლეულის და სახარჯი მასალების შეძენა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე.

- დაუშვებელია ფონდის მიერ გაცემული გრანტით: უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შეძენა, ისეთი ხარჯები, რომლებიც უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის, პროგრამის მეშვეობით, სატრანსპორტო საშუალების შეძენა პირადი სარგებლობისთვის, გარდა აგროსამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საშუალებებისა (მაგ.: ტრაქტორი) და სხვა).

 

  • დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება

საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების შერჩევასა და შეფასებას ახორციელებს ფონდის პროექტების შეფასებისა და მართვის კომისია. პროექტების შერჩევისა და შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები: სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი (მაგ.: დასაქმება, მოსახლეობას შორის ეკონომიკური კავშირები); პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა (მაგ.: განხორციელებადობა, მდგრადობა, მომგებიანობა, კონკურენტუნარიანობა).

 

  • დაფინანსებული საგრანტო პროექტების ანგარიშგება

- დაფინანსებული საგრანტო პროექტების ანგარიშგების პროცესის ზედამხედველობას ფონდი ახორციელებს.

- ბენეფიციარი/ბენეფიციართა ჯგუფი ვალდებულია ფონდის მოთხოვნით ან საგრანტო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ფონდს წარუდგინოს პროექტის განხორციელების ანგარიშები, რომელთა ფორმები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.

 

საგრანტო განაცხადები/პროექტები მიიღება ქართულ ან რუსულ ან ინგლისურ ენებზე.